logo
ENG



"მე თქვენი მოქალაქე ვარ, მინდა, თვალებში ჩამხედოთ" - მაღაროელის მიმართვა ღარიბაშვილს

21 ივნ 202317:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/21/iowkzhq2to44lwn.png

მაღაროელი, გიორგი კუპატაძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, თითოეული მაღაროელი გაითვალისწინოს. გიორგი კუპატაძე, რომელსაც პროტესტის ნიშნად თვალები აქვს ამოკერილი, დღეს თბილისში ჩამოვიდა და პარლამენტთან სხვა მაღაროელებს შეუერთდა.

"კაციშვილი პატრონი არ გაგვაჩნია, მე პირადად გადავწყვიტე, ჩემი გადაწყვეტილება იყო დღეს, რომ ჩამოვსულიყავი და ბატონ ღარიბაშვილს მინდა, თხოვნით მივმართო აქედან, რომ მე თქვენი მოქალაქე ვარ, მეც მიმიძღვის წვლილი თქვენს მოსვლაში ხელისუფლებაში და მინდა, რომ თვალებში ჩამხედოთ... გაითვალისწინოთ თითოეული მაღაროელი, იმხელა პროდუქციას ვქმნით და იმხელა თანხები შედის ბიუჯეტში, ჩვენს ზურგზე, ჩვენს ხელებზე, აგერ არის ფაქტი, 17 ნაკერი მადევს. ამ ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი, დღეს აღარავის ვჭირდები თვალებამოკერილი?

არა, მე კიდევ საჭირო ვარ ყველასთვის და საჭირო ვიქნები ყველასთვის, აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ბიჭები მეტად გავაძლიერო, მეტად გვერდში დავუდგე, ყველაფერს გავაკეთებ იმის გულისთვის, რომ მე, გიორგი კუპატაძე, სულ რომ არ გადავრჩე და დავიღუპო, ესენი იყვნენ კარგად", - განაცხადა მან.

დღეს მაღაროელების პროტესტის მე-15 დღეა. გაფიცული მაღაროელების ნაწილი უკვე მე-10 დღეა შიმშილობს.

გაფიცული მაღაროელების ნაწილი ჭიათურიდან თბილისში 19 ივნისს ჩამოვიდა - ისინი პარლამენტის შენობასთან ქციას მართავენ და ღამეს ათევენ. აქციაზე გაფიცულებს მოქალაქეებიც უერთდებიან და სოლიდარობას გამოხატავენ.

18 ივნისს გიორგი კუპატაძემ თვალები ამოიკერა, მეორე მაღაროელმა კი ვენები გადაიჭრა. მანამდე კიდევ ერთმა თანამშრომელმა პირი ამოიკერა

მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.

15 ივნისს კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანიამ თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტა, მუშაობის განახლება და მუშაობის შედეგად ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით ბონუსების განსაზღვრა შესთავაზა. ამავე განცხადების მიხედვით გაირკვა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.


close დახურვა